მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნები თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხის შემცველია - საერთაშორისო გამჭვირვალობა
პოლიტიკა - 13:52, 08 Sep, 2018     899
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებას კრიტიკულად აფასებს:

"წინასაარჩევნოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) მაუწყებლებს მიმართავს გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს, რაც ქმნის პერსონალური მონაცემების დარღვევისა და ქვეყანაში თვითცენზურის დამკვიდრების საშიშროებას.

2018 წლის აგვისტოში, GNCC-იმ მაუწყებლებს წერილი გაუგზავნა და პრევენციულად მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებული რეგულაციები შეახსენა. განსაკუთრებით კი იმ მედიასაშუალებებს მიმართა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამისი ორგანიზაციებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაკვეთას აპირებენ. წერილის მიხედვით, მაუწყებლებმა, რომლებსაც “...გააჩნიათ შესაძლებლობა გადაამოწმონ მათი დაკვეთით შესრულებული კვლევის სანდოობა”, ყურადღება უნდა გაამახვილონ “საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე”. თუმცა, კომისიის მიერ მითითებული მუხლები განსაზღვრავს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უშუალოდ კვლევა, მათ შორის სანდოობის კუთხით, და არა დამკვეთი ტელევიზიების ვალდებულებას, გადაამოწმოს ეს მონაცემები, როგორც ამას GNCC განმარტავს.

ეს თემა აქტუალური 2016 წლიდან გახდა, როცა კომისიამ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე “რუსთავი 2”-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ამ საკითხზე გადაწყვეტილება GNCC-ის დღემდე არ მიუღია.

გასულ წელს კი თავად GNCC-იმ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომლითაც სურდა მედიასაშუალებები საკანონმდებლო დონეზე დაევალდებულებინა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებამდე გადაემოწმებინათ. ეს ინიციატივა კომპლექსური დამუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განხილულიყო.

კომისიას საჯაროდ არ განუმარტავს კონკრეტული პროცედურა, როგორ უნდა გადამოწმდეს კვლევის სანდოობა. თუმცა, 2016 წლის ნოემბერში მარეგულირებელსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის შემდგარი მიმოწერით ირკვევა, რომ კომისია კვლევის სანდოობის გადამოწმების მიზნით, კვლევაში მონაწილე პირების პერსონალური მონაცემებისა და პოლიტიკური შეხედულებების მესამე პირებისთვის, მათ შორის თავად კომისიისთვის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდა. კერძოდ, კომისია არკვევდა, რამდენად კანონშესაბამისი იქნებოდა შემდეგი ქმედებები:

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილე ფიზიკურ პირთა მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა;
  • განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების (პოლიტიკური შეხედულებების შემცველი ანკეტების) გამოთხოვა;
  • დამუშავება - მათ შორის შესწავლა, გამოკითხულ პირებთან კონტაქტის დამყარება და მათთან ანკეტებში ასახული მონაცემების გადამოწმება;
  • გამოთხოვილი ინფორმაციის იმ პირისათვის გადაცემა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კომისია ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ექსპერტიზის მიზნით დაიქირავებდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პასუხში ვკითხულობთ, რომ კომისიას აქვს საფუძველი მოახდინოს პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუმცა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ანუ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველი არ არსებობს და დაინტერესებული პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ ინფორმაციის გასაჯაროება ან მესამე პირისათვის გადაცემა. თუმცა, ინსპექტორი იქვე დასძენს, რომ ვინაიდან „საარჩევნო კოდექსი”, რომელიც ორგანული კანონია, იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს. ამით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ფაქტობრივად დაუდასტურა კომისიას, რომ მას უფლება აქვს გამოითხოვოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილეთა ვინაობა და მათი პოლიტიკური შეხედულებები. ინსპექტორს არ გაუთვალისწინებია საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის, ევროპის საბჭოს რეკომენდაციები, რომელიც მსგავს პრაქტიკას არ იცნობს.

კომისიის სურვილი დაავალდებულოს მაუწყებლები, რომ გადაამოწმონ საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა და შემდეგ, თავად გააკოტროლოს, თუ რამდენად კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ მაუწყებლები:

  • საფრთხეს უქმნის მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების დაკვეთას და შედგომ გამოქვეყნებას;
  • უხეშად არღვევს განსაკუთრებული კეტეგორიის პერსონალური მონაცემების, კერძოდ პოლიტიკური შეხედულებების საიდუმლოების დაცვას;
  • ამკვიდრებს თვითცენზურის გარემოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილე რესპონდენტებისათვის;
  • აჩენს საფრთხეს, რომ რესპოდენტების მიერ გაცემული პასუხების კონფიდენციალობა დაცული არ იქნება და სამომავლოდ, შესაძლოა, მოქალაქეებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ ან თავი შეიკავონ პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე პასუხის გაცემისაგან.

ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ უნდა შეიცავდეს შეცდომებს და არ უნდა იყოს გამოყენებული მანიპულაციისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად კანონმდებლობა[1] მედიისთვის ადგენს წესებს არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებივი აზრის კვლევის გამოქვეყნების შესახებ, მათ შორის სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება: გამოკითხვის დამკვეთი და შემსრულებელი, გამოკითხვის მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ა.შ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და არ გამოიყენოს არაპროპორციული მოთხოვნები მედიის მიმართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებას და შეუზღუდოს მოსახლეობას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაცნობის შესაძლებლობა.

[1] საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 50-ე მუხლი, მე-5 პუნქტი/82-ე მუხლი"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42