აღნიშნულთან დაკავშირებით, "ნიუპოსტი" განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა.
როგორც შაშკინმა განაცხადა, ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც "ქართული ოცნების" მავნებლური პოლიტიკის დამსახურებაა. მისივე თქმით, სკოლებში მთლიანად არის ჩამოშლილი და განადგურებული უსაფრთხო სკოლის კონცეფცია.
"ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანად არის მოშლილი სკოლებში უსაფრთხოების სისტემა. ეს არის იგივე ციფრები, რაც იყო მანამდე, სანამ ჩვენ დავიწყეთ უსაფრთხო სკოლების რეფორმის განხორციელება. სამწუხაროდ, არაფერი მუდმივი არ არის - რკინაც ჟანგდება თუ არ მოუარე. ზუსტად ასევეა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა. მე ვგულისხმობ, უსაფრთხო სკოლებს და მანდატურებს, რამაც ვერ გაუძლო იმ გამოწვევებს, რომელიც ახლა დგას და ვერ გაუძლო იმ მავნებლობებს, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული" - აცხადებს შაშკინი.
მისი თქმით, უსაფრთხო სკოლების კონცეფცია 6 წლის განმავლობაში სრულად ჩამოიშალა.
"ზუსტად ასევე ვერ გაუძლო მანდატურების სამსახურმა მავნებლობას, განადგურებას, მიუხედავად მათი პატრიოტიზმისა თავისი პროფესიიის მიმართ, იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც სკოლებში მუშაობენ. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია თავის მიზანს, ისინი ხელისუფლებაში სკოლების უსაფრთხოები განადგურების ლოზუნგით მოდიოდნენ და გაანადგურეს კიდეც უსაფრთხო სკოლის კონცეფცია. შედეგად კი, ჩვენი ბავშვები არიან საფრთხეში. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. ის უბედურება, რომელიც დატრიალდა 51-ე სკოლაში, არ მოხდა შემთხვევით და არის იმის შედეგი, იმ პოლიტიკის, რომელიც ხორციელდება განათლების სფეროში; როდესაც სკოლებში ყოველდღე ადგილი აქვს ჩხუბს, გაკვეთილების ჩაშლას. მე ვარ მინისტრი, რომლის მინისტრობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა დაჭრის საჯარო სკოლებში, არ უნახავს არავის ნაცემი ბავშვები. ეს არის ის, რითაც ნამდვილად შემიძლია ვიამაყო. ახლა ჩვენ ვხედავთ ყველაფერს პირიქით -ადგილი აქვს სკოლებში ცემასაც, დაჭრასაც და გაკვეთილების ჩაშლასაც“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






