ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს იწყებს.
სარალიძემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა შეაფასა. ამასთან, შვილმოკლულმა მამამ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინო უწოდა.
"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ",- განაცხადა სარალიძემ.
მისივე შეფასებით, მთელი საქართველო დარწმუნდა, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს.
„ქართული ოცნება“ მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაც არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი“, - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები






