თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველო ცდილობს აუხსნას პარტნიორებს, რომ სწორედ საქართველოზე გადის ტესტირებას ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები, რომელებიც შემდეგ სხვა ქვეყნებში გამოიყენება.
"ასე გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტები. “მწვანე კაცუნები” ჯერ კიდევ 90 წლებში ვიხილეთ აფხაზეთში, ისევე სწორედ ბალტიის ქვეყნები და საქართველო გახდნენ რუსეთის კიბერშეტევების ერთერთი პირველი სამიზნე. ხოლო 2008 წელს საქართველოში კონვენციურ ომთან ერთად რუსეთი კიბერომსაც აწარმოებდა,” - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ სესიაზე. მისი თქმით, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხეებს მრავალ და განსხვავებული სახე აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ყველაფერს საბოლოოდ რუსეთის გავლენის სფეროების დამღუპველ პოლიტიკამდე მივყავართ.
"უსაფრთხოების იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა თუ ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა განყენებულად, არამედ, საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ერთაინი, მწყობრი და გრძელვადიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობას მოგვიტანს.
ამ კონტექსტში, ერთერთი ქვაკუთხედი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობაა, რაც ორი მიმართულებით მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას. პრაქტიკული კომპონენტით - საქართველოს ნატო-ს კიდევ უფრო მეტ პროგრამებში ჩართვით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მეორე - პოლიტიკური კომპონენტით - ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმ პოლიტიკური ვითარების შესაქმნელად, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
ეს საჭიროებს უფრო ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს და ჩვენი პარტნიორების მეტ პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოსთან მიმართებაში. ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა თავისით არასოდეს შეიქმნება”, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






