მსოფლიო მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის პროვინცია იდლიბზე მასიური საავიაციო შეტევა განახორციელა.
იდლიბი დღემდე არ ემორჩილება ასადის რეჟიმს და ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან როგორც ასადის ოპოზიციური ძალები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია "ჯებხატ ან-ნურსას" მეომრები.
ინფორმაციის მთავარი წყარო სირიული მონიტორინგის ჯგუფი "თეთრი ჩაფხუტებია", რომელმაც თვიტერში რანდენიმე ფოტოც განათავსა.
თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება გასულ თვეში იდლიბის რეგიონის პირველი დაბომბვა რუსეთის მიერ. სავარაუდოდ, საავიაციო შეტევას ბაშარ ასადის არმიის გადაადგილებაც მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკვეთრად დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ირანისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სახელმწიფო ძალებმა იდლიბის პროვინციას არ უნდა შეუტიონ.
ამ განცხადების საპასუხოდ, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ასადის ძალები უტევენ არა ოპოზიციას, არამედ "ტერორიზმის აკვანს", რომელიც სირიის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას უშლის ხელს.
ასადი და მისი მფარველები გაერომაც გააფრთხილა და განაცხადა, რომ მასიური შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლსა და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
"იდლიბში 3 მილიონი ადამიანია და მათგან 1 მილიონი ბავშვია," - აცხადებენ გაეროს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






