მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.
იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.
მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტომყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.
VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმებრძოლეობის მწვალებლობამ მოიცვა და ხატებს განადგურების საფრთხე დაემუქრა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს, რომელიც მდინარე ჭოროხის ხეობაში იდგა. 1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა დიდი ხელოვნებით, რასაც ხატის არშიაზე მიწერილი წარწერაც გვამცნობს: "ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთიურ გვიგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვჰყავ საშინელსა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე".
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად, რომელსაც იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა, ქართველებს მრავალი საგალობელი შეუქმნიათ. ეს საგალობლები გვიდასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მოკრძალებას წინაშე ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც მოსავთა მისთა ანიჭებდა ცოდვათა შენდობას და დიდსა წყალობას. თუ რწმენით და სასოებით შევევედრებით, იგი კვლავაც ღირს გვყოფს, რათა ხილულსა თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში მფარველად გვექმნეს ქართველებს:
მოვედით დღეს შვილნო აღმოსავალისა ეკლესიისანო, და მწყობრნო ქართველთანო და ვიხარებდეთ და ერთბამად მეფისა თანა მაღლისა! მთავარნო მღვდელთ-მთავართა თანა შემოვჰკრიბეთ და აზნაურნი მღვდელთა თანა ვმწყობრობდეთ და ვაქებდეთ ძესა ღვთისასა, რომელმან მოგვცა ხატი თვისი ხელით უქმნელი, მფარველად სულთა და ხორცთა ჩვენთა.
მასალის გამოყენების პირობები






