კვირას, 2 სეტემბერს რუსულმა სახელმწიფო არხმა "Россия-1" ეთერში პუტინის შესახებ გადაცემა - "Москва. Кремль. Путин" გაუშვა, რომელიც მთლიანად მიეძღვნება ვლადიმერ პუტინის საქმიანობას და დასვენებას. გადაცემა ყოველ კვირას გავა.
პირველ გადაცემაში მონაწილეები პუტინის ქება-დიდებით იყვნენ დაკავებულები, აქბდნენ მას კარგი ფიზიკური კონდიციის, დაძაბული სამუშაო გრაფიკის, ბავშვებისადმი სიყვარულისა და საპენსიო რეფორმის შერბილების გამო.
გადაცემის ანონსი პირველად კვირას გამოჩნდა. მისი შინაარსის, პერიოდულობისა და წამყვანის შესახებ ინფორმაცია გადაცემიდან რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. ექსპერტები მის მოულოდნელ გამოჩენას პუტინის რეიტინგის დაცემას უკავშირებენ.
ფორმატის თანახმად წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი და მისი სტუმრები მოსახლეობას კვირის განმავლობაში პუტინის საქმიანობაზე - სამუშაო პროცესსა და დასვენებაზე მოუყვებიან. პროგრამის ერთერთი პირველი სტუმარი პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იყო. მან ოთხი თემის შესახებ ისაუბრა: პუტინის სამუშაო ვიზიტზე ციმბირში, საპენსიო რეფორმის შერბილებაზე, სოჭის საგანმანათლებლო ცენტრ "სირიუსზე", რომელიც პუტინის იდეით აშენდა და პრეზიდენტის დასვენებაზე ტუვაში.რესპოდენტებს გადაცემაში პუტინისთვის დითირამბების კმევა არ დაუშურებიათ: "არ მესმის, როგორ უძლებს ასეთ გრაფიკს, ასეთ მარათონს", "პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო პოლიტიკური რისკები", "ყველა კარგად ხედავს, როგორ უყვარს პუტინს ბავშვები", "მას უყვარს ხალხი, ის ადამიანური ადამიანია", "ნახეთ, რა სოკოები მოკრიფეს პუტინმა, შოიგუმ და ბორტნიკვმა ტუვაში, საიანებზე"... გადაცემა მთლიანად მსგავსი შინაარსის ფრაზებით იყო გაჯერებული.
რუსული პროპაგანდა ვლადიმერ პუტინის "პიროვნების კულტის" გამყარებას წარმატებით განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები






