ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის გამოძიებასთან თანამშრომლობს, ბრალი აღიარა.
47 წლის პატენმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტისთვის უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 ათასი დოლარი გამოიყენა.
სემ პატენმა ისიც აღიარა, რომ როგორც არარეგისტრირებული ლობისტი, ისე მოქმედებდა და, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე იცრუა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქესთანაც თანამშრომლობდა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ეს არის პირველი საჯარო დადასტურება, რომ 2017 წლის იანვარში გამართული ცერემონიის დასაფინანსებლად უკანონო თანხა გამოიყენეს. სემ პატენს 5-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო. ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან 2012 წელს თანამშრომლობდა.
ბიძინა ივანიშვილი სემ პატენს ლობისტური საქმიანობისთვის თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა, დამატებით 10 ათას დოლარს კი ლონდონში დაფუძნებული კომპანიისგან იღებდა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მუშაობისთვის.
გავრცელებული ცნობით, სემ პატენი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ინფორმაციას აწვდიდა და კლიენტებს შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა.

მასალის გამოყენების პირობები






