უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, დღეს „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას პრეზიდენტისგან მიიღო.
“უპირველესად, მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს. მინდა, გურამის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო.
ეს რთული დრო იყო მისთვის. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ითხოვდა, რომ მას აღარ ეთამაშა ნაკრებში. გურამმა მათ სწორი პასუხი გასცა:
"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, მე მისთვის ვითამაშებ საქართველოს სახელით". მინდა, ვთქვა,რომ მე ერთი ასეთი გულშემატკივარი ვარ და საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სურს,რომ გურამმა ნაკრებში ითამაშოს”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






