ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ აგრესიის მორიგ ტალღას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, გურამ კაშია არის მაგალითი თუ როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე. ბოკერიას თქმით, საზოგადოებამუნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ფაშისტური ძალები რომლებმაც კაშიას მიმართ აგრესიული კამპანია ააგორეს და დაიცვას გურამ კაშიასუსაფრთხოება:
„გურამ კაშია არის მაგალითი თუ როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე. მისი სიმტკიცე მისაბაძია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებას იცავს.
ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და არავის მივცეთ შესაძლებლობა ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საკითხის არსიც - ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ ამ ძალადობას და დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.
გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია, ამას გარდა ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინისტურია და რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში.
არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ეს ძალები და დაიცვას გურამ კაშიას უსაფრთხოება.“- აცხადებს გიგა ბოკერია.
გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






