„მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას. მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალები დაუფარავად ემუქრებიან ფეხბურთელს, იმის გამო, რომ მან დაგმო ძალადობა და ადამიანებს შორის თანასწორობას დაუჭირა მხარი. ხელისუფლების ვალია, დროულად შეზღუდოს მის მიერვე მხარდაჭერილი და წახალისებული ძალები და უზრუნველყოს გურამ კაშიას უსაფრთხოება. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელ უმცირესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, თანასწორია კანონის წინაშე. საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებისა და ზიზღის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ოკუპანტ ძალას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დასუსტებით. ამიტომ, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ აგრესიასა და ძალადობას. საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ხოლო გურამ კაშიას და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვუსურვებ, ბევრჯერ გაეხარებინოთ ქართველი გულშემატკივარი ღირსეული თამაშით და გამარჯვებებით!“- დაწერა დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში.
გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






