ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ აგრესიის მორიგ ტალღას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძის თქმით, #კაშია პროგრესის, წარმატების სიმბოლოა, ჩვენი სამშობლოს ელჩია და ზუსტად მას უტევს მახინიჯი პროპაგანდა:
“ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტია წარმატებულ, პროგრესულ ფეხბურთელზე ბნელეთის თავდასხმა. მსგავი რუსული მეთოდი პროგრესის, თანამედროვეობის, საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. როცა სახელმწიფო პირდაპირ და ირიბად ხელს უწყობს მარშისტულ იდეებს და ბინძურ სტიგმატიზაციას - რუსული პროპაგანდა უფრო მძლავრობს და პროგრესიც სუსტდება. #კაშია პროგრესის, წარმატების სიმბოლოა, ჩვენი სამშობლოს ელჩია და ზუსტად მას უტევს მახინიჯი პროპაგანდა. გადასარევი მოქალაქეა, პრინციპული და პროგრესული. ჩემი თანადგომა საქართველოს ღირსეულ წარმომადგენელს, ჩემი თანადგომა კაპიტანს."- წერს ხატია დეკანოიძე.
გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






