საქართველოს საელჩო დანიის საელჩოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქვეყანაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მატებას ეხება. საელჩოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 124 -ს შეადგენს, 2017 წელს მათი რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 76-ს არ აღემატებოდა.
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძის განცხადებით, მკაცრი საიმიგრაციო რეჟიმის გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცენ თავშესაფარი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.
შესაბამისად, სასურველია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ დანიაში ამ მიზნით ჩასვლისგან, რადგან ისინი ამით მხოლოდ ქვეყნის იმიჯს შელახავენ.

"რამდენიმე წლის წინ ევროპაში დაწყებულმა მიგრაციის კრიზისმა დანიას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგა. ერთის მხრივ, აქცენტი კეთდება ქვეყანაში უკვე ჩამოსული მიგრანტების მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. ამ მხრივ დანიის მთავრობის მიერ შემუშავდა სტრატეგია „დანია პარალელური საზოგადოების გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის მიგრანტების სრულ ინტეგრაციას დანიურ საზოგადოებაში.
პარალელურად, დანიას მკაფიო პოზიცია გააჩნია ქვეყანაში მიგრანტთა ახალი ნაკადის შემოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომაც, კოპენჰაგენი საკმაოდ მკაცრი ზომებით ებრძვის არალეგალურ მიგრაციასა და ცდილობს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას. გამკაცრდა და სკრუპულოზული გახდა აპლიკაციების შემოწმების პროცესი. შედეგად, 2018 წელს, თავშესაფრის მაძიებელთათვის დაკმაყოფილებულ აპლიკაციათა რაოდენობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. მაგალითისთვის, 2018 წლის პირველ ნახევარში დანიის საემიგრაციო სამსახურმა მხოლოდ 581 თავშესაფრის მაძიებელს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, მაშინ როდესაც 2015 წელს ეს რიცხვი 10849 იყო.

ანალიტიკოსთა შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლება უმთავრეს მიზეზად დანიის მიერ მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის მქონე ქვეყნის რეპუტაციის მოპოვება სახელდება, რაც მიგრანტებს დანიაში ჩასვლის მოტივაციას უკარგავს.
მიუხედავად ამისა, მიღწეულ შედეგებს არ ჯერდება და ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მოთხოვნით გამოდის დანიის სახალხო პარტია, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალაა და მმართველი კოალიციის მოკავშირეა პარლამენტში.კიდევ უფრო მკაცრია დანიელი "ახალი კონსერვატორების" პოზიცია, რომლებიც მომავალ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ქვეყნის პრემიერს შემდეგ მოთხოვნებს უყენებენ:
1. 0 თავშესაფრის მაძიებელი ქვეყანაში;
2. ყველა უცხოელი კრიმინალის დაუყოვნებლივი დეპორტაცია;
3. მხოლოდ თვითკმარი მიგრანტების შემოშვება ქვეყანაში." - ნათქვამია საქართველოს საელჩოს ნიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






