საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ოზურგეთში გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებს, მერებსა და პარტიის აქტივისტებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 10 სექტემბრისთვის ცნობილი გახდება, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში ქართული ოცნება აქტიურად იქნება ჩართული.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. კანდიდატი არ გვეყოლება, დღეს გვარებზე საუბარი სწორი არ არის. ჩვენ გადავხედავთ კანდიდატების იმ წრეს, რომლებიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა კობახიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვის დაუჭერს მხარს, მისი თქმით, ეს კანდიდატი არაპარტიული უნდა იყოს.
"ჩვენ არ გვყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ცალსახაა, რომ ის უნდა იყოს ყველა შემთხვევაში არაპარტიული. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის დამოუკიდებელი კანდიდატია და ვნახავთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას დაახლოებით 10 სექტემბრისთვის, მანამდე შეიკრიბება პოლიტსაბჭო", - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






