სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ გუშინ შესრულდა 55 წელი მისი ეპისკოპოსად კურთხევიდან და აღნიშნა, რომ რომ არა მრევლის ლოცვები, ის ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელს, რომელიც მან გამოიარა.
"დღეს მინდა ჩემი განსაცდელის შესახებ გიამბოთ, რომელიც გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ," - განაცხადა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები