მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და გურიის გუბერნატორი სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ
კონტრაქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს
„სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ გზის მონაკვეთზე ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი. დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






