"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მოინახულეს დაკავებული პირები. სახალხო დამცველის აპარატი საქმის დეტალების ყველამხრივ შესწავლის შემდეგ საბოლოო შეფასებას გააკეთებს. თუმცა, იქამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული.
რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით (http://sknews.ge/index.php?newsid=2093 ), სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ვფიქრობთ დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული პირების საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნება საქმის ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული.
მასალის გამოყენების პირობები






