გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერის ორდღიან ვიზიტს აფასებს. "ტვ პირველის" ეთერში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მერკელის ვიზიტი არის პოზიტიური, მაგრამა არა ისტორიული და ის განსაკუთრებულ ახალ შედეგებს ამ ფაქტისგან არ ელოდება:
„რა თქმა უნდა, გერმანიის, ევროპის კავშირის ერთ-ერთი, თუ არა წამყვანი, ქვეყნის ლიდერის, ადამიანის, რომელიც უკვე მრავალი წელიწადია მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში იმყოფება, ვიზიტი საქართველოში, არის უკიდურესად პოზიტიური, სხვანაირად ჩვენ ამ ვიზიტს ვერ შევაფასებთ.
რაც შეეხება მის შედეგებს, ზედმეტ სკეპტიციზმში ალბათ ვერ დამადანაშაულებთ, ვერაფერ ისტორიულს შედეგების თვალსაზრისით მე ამ ვიზიტში ვერ ვხედავ. კარგია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, შესანიშნავია, რომ კანცლერმა იხილა საოკუპაციო ხაზი, თუმცა, რატომღაც მას სადემარკაციო ხაზი უწოდა, ძალიან კარგია, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება ქართული მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში.
საოკუპაციო ხაზთან ქალბატონი მერკელი თვითონ იმყოფებოდა და ადამიანი, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უყურებდა ბერლინის კედელს, მან ახლა ბერლინის მავთულხლართები ნახა ევრპოპული ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური ვიზიტი იყო, ასეთი ვიზიტები რაც შეიძლება ხშირად უნდა განხორციელდეს საქართველოში და არა მარტო გერმანიის ლიდერების, მაგრამ რაც შეეხება შედეგებს, სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მან დღევანდელ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვაზე ახალი და განსაკუთრებული პასუხი ვერ მიიღო. ვაშაძე აღნიშნავს, რომ საქართველო დიდი ხანია მზად არის მაპისთვის, თუმცა ამ თვალსაზრისით მერკელისგან არავითარი გზავნილი არ გაჟრერებულა:
„ვიზიტს შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი კონტექსტი, რაც შეეხება უკვე მიღწეულის დადასტურებას, რაც ახლა მოხდა და შეიძლება ჰქონდეს ახალი შედეგები. ახალი შედეგი არაფერი არ არის, გაზსაცავის მშენებლობის გარდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმენაბა, რომ ამ რეგიონალური ტურის მთავარი მიზანი იყო ენერგომატარებლების ექსპორტი საქართველოს კარიდორის გავლით, ევროპაში და ასე ვთქვათ, ჩრდილოეთის გზის მილსადენის საალტერნატივო გზების ძებნა. რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ ის შეკითხვები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობას და საქართველო-ნატოს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას გადაიყვანდა სხვა დონეზე, ეს ჩემი შეკითხვებია, სამწუხაროდ ისევ მივიღე ის პასუხები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: რაც შეეხება ევროკავშირს და აქ მე ვეთანხმები გერმანულ მხარეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც უკვე გვაქვს ევროკავშირთან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასე რომ ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ შემდეგ გადავდივართ იმაზე, რაც საქართველოსთვის არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რის გარეშეც ძალიან ძნელი იქნება ჩვენთვის მდგრადი განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და ასე შემდეგ. თუმცა, ინვესტიციებს სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც აქვს, ეს არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხები, მაშინ, როდესაც ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო დიდი ხანია მზად არის მაპისთვის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმისთვის, გერმანიის პროზიცია ექვსი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, ისევ რჩება უცვლელი. ექვსი წელიწადი ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ ჩვენ რაიმე პატარა ნაბიჯი წინ არ გადაგვედგა, მეხუთე სტატია და მაპი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის, მაპი მხოლოდ დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანამ თავისი ყველა საშინაო დავალება შეასრულა და უკვე მზად არის გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით წესები ყველასთვის უნდა იყოს, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, მან გერმანიის მაგალითი მოიყვანა:
„წესები ან ყველასთვის არის, ან რავისთვის არ არის, 1955 წელს, როდესაც რუსული სამხედრო ყოფნა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერანაირად ვერ შეედარებოდა იმ სამხედრო საფრთხეებს, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს თავისი მასშტაბებით, როდესაც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა თითქმის მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა და დაახლოებით ერთი მესამედი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, 1955 წელს ლიდერებმა, რომლებსაც ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ შენ თუ აგრესიას არ უპირისპირებ არააგრესიულ, მაგრამ მკვეთრ, მკაფიო, კარგად მოფიქრებულ ნაბიჯებს, რაც გამოიხატა გერმანიის გაწევრიანებით ნატო-ში, მაშინ აგრესორი კიდევ უფრო თავხედდება. შეკითხვა იმაზე, თქვენ რომ მაპი მიიღოთ, ეს რუსეთს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებსო, გეგონება მაპი რომ არ გვაქვს, ამ აგრესიული ქმედებებისგან დაცული ვართ“, - განმარტა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.
გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ მაპის საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხია, ეს ეკონომიკური განვითარების საკითხიც არის და რუსეთმა უნდა დაინახოს ევროპის სათანადო რეაქციები მის ქმედებებზე სუვერენულ მეზობელთან მიმართებით:
„საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ არის დაკავშირებული ჩვენი უსაფრთხოების ზომებში და ჩვენი უსაფრთხოების დონეზე. ამიტომ, ეს არა მარტო პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხია, ეს ეკონომიკური განვითარების საკითხიც არის. მაპში ყოფნის ვადა განსაზღვრული არ არის, ასე რომ არავითარი რისკი აქ არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, არც საქართველოსთვის არ არსებობს და რუსეთი მიიღებდა ძალიან მკაფიო გზავნილს იმაზე, რომ დასავლეთი სერიოზულად აღიქვამს მის აგრესიულ ქმედებებს იმაზე, რაც შეეხება სუვერენულად დამოუკიდებელ მეზობლებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატმა შეაფასა მერკელთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაც:
„შემდეგი შეკითხვა იყო დასავლეთ ბალკანეთზე, აქ თითქმის მთლიანად დავეთანხმეთ ერთმანეთს, კიდევ ერთი შეკითხვა იყო ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე და აქაც დავეთანხმეთ ერთმანეთს, ძალიან მძიმე სიტუაციაა და ვისაც ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება აინტერესებს, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს შეთანხმება ყოველნაირად არის გასაფრთხილებელი.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ქართული მხარიდან ყველა დამსწრეს ჰქონდა, ეს რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ჩვენი გასაოცარი დემოკრატიის ხარისხი არის და ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპები და ამ ეკონომიკური განვითარების შედეგები იყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები შესანიშნავად არიან ინფორმირებული იმაზე თუ რა სიტუაცია არის ქვეყანაში, შესანიშნავად არიან ინფორმირებული იმ ნეგატიურ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველობა თამაშობს ქვეყანაში...
დასმული შეკითხვები კანცლერის მხრიდან იმის მტკიცებულება იყო, რომ ეს საელჩო, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ჰყავს საქართველოში, თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს. გაოცება გამოხატა კანცლერმა იმითი, რომ რაღაც ზრდა მაინც არის მთლიანი შიდა პროდუქტის და ამ დროს, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უარესდება და სომხეთთან შედარებითაც კი სავალალოდ გამოიყურება. რაზეც ჩემი პასუხი იყო ის, რომ ცნობილია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ მიდის აუცილებლად ყველა მოქალაქემდე და მის კეთილდღეობას არ ზრდის, მეორე საქართველოში კატასტროფული გახდა უკვე ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა. სრული კატასტროფა არის ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






