ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას მთავარი საკითხები იყო საქართველოს დეოკუპაცია, საქართველის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ქვეყნის შიდა დემოკრატია.
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ინტერესი გამოხატა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობასთან და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა განლაგებასთან დაკავშირებით.
ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, გერმანიის კანცლერთან შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა. ბაქრაძის განცხადებით, მერკელთან საუბარი იყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც და კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია დადებითად მოეკიდება ამ საკითხს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის შესაბამისად გერმანია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქცირებას. ამასთან ბაქრაძის თქმით, ანგელა მერკელთან საუბარი იყო იმაზეც, რომ გერმანიაში გაჩნდეს ქართველებისთვის ლეგალური მუშაობის საშუალება, ბაქრაძის განცხადებით, კანცლერის პასუხი იყო დადებითი. „მან თქვა, რომ გერმანიის მთავრობა იმუშავებს იმ პროფესიების სიის შედგენაზე, სადაც მათ სჭირდებათ კვალიფიციური ქართველი სპეციალისტები“- განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






