ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ხომალდი „CARNEY“ (DDG 64) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 23 აგვისტოს შემოვიდა. ამერიკული მხარის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ქალაქ ბათუმის ნავსადგურში დახვდნენ.
ხომალდის ვიზიტის მიზანია შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განახორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, მათ საზღვაო კომპონენტებთან თავსებადობის ამაღლება და საქართველო - ამერიკის საზღვაო თანამაშრომლობის გაძლიერება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხომალდის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ტაისონ იანგს შეხვდებიან. სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსს გაივლიან. ასევე ჩატარდება ერთობლივი სწავლებები კომუნიკაციისა და გემის შემოწმების საკითხებში. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო კატარღებისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წრთვნებისა და საზღვაო მანევრების განხორციელება შავ ზღვაზე.
ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, რამოდენიმე დღის წინ ხელმოწერილი დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებაში მის მხარდაჭერას, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი სამხედრო ბალანსი. ამ კონტექსტში გათვალისწინებულია საქართველოს მონაწილეობით შავ ზღვაზე ნატოს და სხვა ტიპის მრავალეროვნული სწავლებების სიხშირისა და რაოდენობის გაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას წამყვანი როლი ეკისრება ამ ინიციატივების შესრულებაში, ისევე, როგორც, ზოგადად, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. ამის ნათელი მაგალითია ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის აილენდის კლასის ორი ხომალდის გადმოცემა. ეს ხომალდები გააძლიერებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ასევე, ნატოს სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს 25 აგვისტოს დატოვებს.






მასალის გამოყენების პირობები






