საქართველოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს რეაგირება დაგვიანებულია. „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა:
„სამწუხაროდ, სარჩელი, რომელიც დღეს მუშავდება, არის ძალიან დაგვიანებული რეაქცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ვნახეთ უკანასკნელი წლების მანძილზე სრულიად დაუსჯელი რუსეთი ყველა ქმედებისთვის, რაც განხორციელდა აქამდე: ეს იყო ბორდერიზაცია თუ მოქალაქეების მკვლელობა და გატაცება. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემაზე საუბარი არ სურს. სწორედ ამიტომ, არც ტატუნაშვილის მკვლელობა და არც ერთი სხვა არაკანონიერი ქმედება არ ხვდება საერთაშორისო, შესაბამისი მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის. სარჩელს ვერ დაველოდებით იმისთვის, რომ რუსეთის სანქციების კონტექსტში რეალურად დაიწყოს სამართალდარღვევის ფაქტების განხილვა, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან და ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ სანქციების რეჟიმი ფუნქციონირებს, ვხედავთ, რომ მიდის განმტკიცების კუთხით სანქციების დაწესება, თუმცა საქართველო ამ კონტექსტიდან სრულად არის ამოვარდნილი. ამასობაში კი, ჩვენ დავრჩებით კვლავ დაუცველი, ჩვენი მოქალაქეები დარჩებიან ისევ დაუცველი. სწორედ ამიტომ, რუსეთზე აქტიური დიპლომატიური ზეწოლა და ამ საკითხის დაყენება საერთაშორისო დღის წესრიგში არის ყველაზე ქმედითი და სწრაფი გზა, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






