მისივე განმარტებით, მაშინ, როცა ადმინსიტრაციასთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, პრეზიდენტის მრჩევლის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ კონსულტაციებში ჩართვა 2-3 დღის ვადაში უნდა მოხერხებულიყო. გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან საბჭოს წევრები იყვნენ შვებულებაში, სასურველი იქნებოდა საბჭოსთან კონსულტაციები აგვისტოს ბოლოსთვის გადატანილიყო. მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობს, რომ საბჭოს ჰქონდა მოლოდინი, რომ თხოვნა გათვალისწინებული იქნებოდა.
„13-14 რიცხვში, მაშინ, როდესაც საბჭოს მთელი შემადგენლობა იყო შვებულებაში, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ბატონ გიორგი მიქაუტაძესთან პრეზიდენტის მრჩევლის მრიდან და იყო მოთხოვნა, რომ თუ სურს საბჭოს კონსულტაციებში ჩაბმა, ეს კი უნდა მოახერხოს 2-3 დღის ვადაში. ბატონმა გიორგი მიქაუტაძემ აუხსნა სიტუაცია, რომ საბჭოს წევრები არიან შვებულებაში, ზოგიერთი მათგანი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გასული და ელემენტარულად 2-3 დღეში ვერ მოხერხდებოდა კოლეგიური ორგანოს შეკრება. 15 წევრია და 2-3 წევრის შეკრება არ იქნებოდა საკმარისი, რომ ჩაითვალოს საბჭოს მონაწილეობა. სულ მცირე წევრთა უმრავლესობა მაინც უნდა იყოს ჩართული. ამიტომ, გიორგი მიქაუტაძემ აუხსნა ეს სიტუაცია და ადამიანურად სთხოვა, ვინაიდან მკაცრად შეზღუდული ვადები არ არის ამ პროცედურისთვის, იქნებ აგვისტოს ბოლოსთვის ყოფილიყო გადატანილი საბჭოსთან კონსულტაციები. შეძლებდა უკვე საბჭო მობიზილებას და ჩართვას. თხოვნა იყო ისიც, რომ ასეთი შეთავაზება არ ყოფილიყო ინტერპრეტირებული და აღქმული, თითქოს საბჭო უარს აცხადებს კონსულტაციებზე. მითუმეტეს, ოფიციალური შეტყობინება, ვგულისხმობ, თუნდაც წერილობით შეტყობინებას, რომელიც შემოვიდოდა ოფიციალურად საბჭოს კანცელარიაში, ან თუნდაც საბჭოს თითოეულ წევრთან, არ ყოფილა. ჩვენ გვეგონა და ბატონ გიორგი მიქაუტაძესაც ეგონა, რომ ჩვენი დასაბუთებული თხოვნა იქნებოდა გათვალისწინებული და, სამწუხაროდ, ახლა დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, თითქოს ჩვენ უარს ვამბობთ კონსულტაციებში ჩაბმაზე, ეს არის არასწორი. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკითხზე არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებს.“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






