შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, სასწავლო დაწესებულებას აბიტურიენტების მიღება ერთი წლით აეკრძალა. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებიტ, უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება კანონიერად შეეზღუდა:
"ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები",-განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას.
"არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი",-განაცხადა სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






