„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა, საუბარია 73 ადამიანზე.
არასამტავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კომისიების დაკომპლექტებისას სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები გამოიკვეთა.
ასეთი ფაქტები ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს კომისიებში გამოვლინდა. არის ექვსი შემთხვევა, როცა არჩეულ პირებს სუს-ისა და საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური, ნათესაური ან მეგობრული კავშირები აქვთ.
„გამოიკვეთა ის შემთხვევები, რაზეც პოლიტიკური ძალა საუბრობდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ნათესაური კავშირი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან კავშირი და პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ წლებია ამ მიმართულებით ვსაუბრობთ და შესაბამისი ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






