გერმანიის კანცლერი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ, როგორც ცნობილია შეხვედრის ფარგლებში არ განხილულა საქართველოსთან მიმართებით არც ერთი საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აფასებს:
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა ის, რომ მსგავს შეხვედრებზე არ არის საუბარი საქართველოზე. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია საუსჯელად გააგრძელოს ის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს. დაუსჯელად გააგრძელოს საზღვრის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა იმიტომ, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა ამისთვის რუსეთს არ უწევს, რადგან საქართველო ფაქტობრივად აღარ არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობებში. ეს არის ამ ქვეყნისთვის სახიფათო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა რეგიონს და მათ შორის საქართველოს ეწვიოს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ქალბატონ კანცლერს შევხვდეთ. შეხვედრისას განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ქვეყნია წინაშე როგორც უსაფრთხოების, ასევე შიდა დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით. გერმანიის კანცლერის, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ამოცანების განსახორციელებლად ევროპაში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით და დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დაბრუნების თვალსაზრისითაც. დემოკრატიული სისტემის გარეშე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არანაირი მომავალი არ აქვს, რაც ესმის ჩვენს მოკავშირე ყველა სახელმწიფოს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






