ამ ინფორმაციას „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ თრუსოს ხეობიდან მომავალი ტურისტებისგან შეიტყვეს.
„დღეს თრუსოს ხეობაში დაგეგმილი ასვლის მერე, სოფელ აბანოდან უკანა გზაზე, მანქანები გავაჩერეთ და ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ტურისტებს დაელაპარაკა. ერთმა ტურისტმა კონფიდენციალობის დაცვის გარანტია სთხოვა და უთხრა, რომ სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და, სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს, რადგან ტერიტორია პოლიციის მიერ იყო შემოსაზღვრული. მათი თქმით, ადგილი გუდაური-სტეფანწმინდის ტრასიდან ახლოს იყო. ამის შემდეგ სასწრაფოდ ამ ადგილის მოსაძებნად გავემართეთ და ვიპოვეთ კიდეც. ადგილი ლენტით იყო შემოსაზღვრული, დროშა - ჩამოხსნილი, თუმცა, ტარი ადგილზე იყო დატოვებული. ჩვენი გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, პლუს, ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ არ დაადასტურეს დანაღმული დროშის არსებობის ფაქტი, თუმცა, გვთხოვეს, ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორია დაგვეტოვებინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ნაღმი სხვაგანაც იყოს ჩადებული. ლაშა ბერულავამ ჟურნალისტის უფლება გამოიყენა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, ლენტის გადაკვეთის გარეშე, ფოტოები და ვიდეო გადაიღო, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ადგილზე დახვედრილი პოლიციელები მის შეზღუდვას ცდილობდნენ. ამ ფაქტმა და იმან, რომ ჩვენ რომ არა, ამ ფაქტს ფართო საზოგადოება ვერ გაიგებდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თრუსოსა და დარიალის ხეობის მიმართულებით რუსული საფრთხეები რეალურია და ხეობაში ჩვენი დაბანაკება - აუცილებელი. გთავაზობთ ფოტოებს. მედიას ვაძლევთ ნებას, გამოიყენონ გასავრცელებლად. გთხოვთ, გააზიაროთ.“- წერდა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, ის არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოძიება მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






