დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 2008 წლის მოვლენები შეაფასა. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით, რუსეთმა საშიში პრეცედენტი შექმნა და საფრთხე შეუქმნა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.
„რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები.
დისკუსია „ამერიკის ხმის" მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-09 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი.
მასალის გამოყენების პირობები






