აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ, რადგან ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთის გვერდით არსებობა ბედმა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოები, ყველა მეზობელი ქვეყანა ოდესღაც ომობდა ერთმანეთთან, მაგრამ შემდეგ დგება ურთიერთობის დალაგების დრო. მე ვფიქრობ, რომ ახლა შესაძლებელია ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთანაც. მე ქართველებს მტრებად არ ვთვლი. მე მყავს მეგობრები საქართველოში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა ეს იყო ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ უფრო მეტად ეს იყო პოლიტიკური კონფლიქტი.“- განაცხადა შამბამ.
ჟურნალისტის კითხვაზე 1992-93 წლებს ის გათავისუფლების პერიოდად თვლის თუ ტრაგედიის, სერგეი შამბამ განაცხადა რომ მისთვის ეს ტრაგედიის წლებია. შამბამ ის მოლაპარაკებებიც გაიხსენა, რომელსაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხმების გარეშე დასრულდა:
„ მე ვთვლი რომ ეს იყო ტრაგედიის პერიოდი. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებას შევძლებდით. ომამდეც ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმათვა, მთავრდებოდა სიტყვებით: „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამოწვდილი ხელი ჰაერში არ დარჩება“. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ურთიერთობის რაიმე ფორმაზე შევტანხმდებოდით. შემდეგ მოლაპარაკებების პროცესშიც იყო ვარიანტები, როდესაც საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. შემდეგ პრიმაკოვის მონაწილეობით განვიხილავდით ვარიანტს, რომელსაც ეროდებოდა ‘საერთო სახელმწიფო“. ეს ყველაფერი ქართველებმა უარყვეს, ქართულმა მხარემ ყველა ამ პროექტზე უარი თვა. ჩვენ ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, თუმცა ისე მოხდა, რომ ქართული მხარე უარს ამბობდა.“- აღნიშნა შამბამ.
შამბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ომამდე, ივნისის თვეში ის სტოკჰოლმში ქართულ დელეგაციას შეხვდა, იმ განწყობამ კი რაც ქართულ დელეგაციაში მას აგრძნობინა, რომ ომი გარდაუვალი იყო:
„ქართული მხრიდან იყო სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური გარემოცვა, მთელი საუბრის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ ეგრძნობინებინათ, რომ თუ დათმობაზე არ წავიდოდით ამას გვაიძულებდნენ. ამბობდნენ, რომ მათ აქვთ ძალიან ძლიერი არმია, რომლის აღჭურვაშიც ამერიკა დაეხმარა და თუ აფხაზეთში კონფლიქტი დაიწყება, რუსეთი ამაში არ ჩაერევა. ისინი უფრო მეტად სამხრეთ ოსეთზე მიანიშნებდნენ, მაგრამ ამით ჩვენი შეშინებაც უნდოდათ. მე დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას ვუთხარი კიდეც პირად საუბარში, რომ „ასეთი განწყობები, რასაც თქვენ კოლეგებში ვხედავ თქვენ დიდ უბედურებამდე მიგიყვანთ, პირველ რიგში კი თქვენს ხალხს. რეალურად ასეც მოხდა’- აცხადებს შამბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, მისივე თქმით, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება. მისი თქმით, მოლაპარაკებების ეს არხი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






