პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მიმართ გაკეთებულ რეპლიკას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ეხმაურება, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ მოუწოდა“, ქარტიის შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატისგან და დეპუტატისგან, მსგავსი რეპლიკები ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს:
„საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა მით უმეტეს მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუკი დავინახავთ, რომ ეს საკითხი გააქტიურდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






