ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სრულდება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.
დღეს გაიმართება დასკვნითი საჩვენებელი წვრთნა, რომელშიც ევროპული და ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა, ასევე ამერიკული საჰაერო ავიაციაც ჩაერთვება.
ქართველი, გერმანელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ სწავლებას ჩაატარებენ.
თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და ამერიკელი დიპლომატები სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






