მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის ტერიტორიულ ორგანოში, დავით ვასაძემ, თანასოფლელის, მერაბ კალანდაძის პენსია მოტყუებით მიითვისა. ამის შესახებ ხიდისთაველებმა გვაცნობეს. ამ ინფორმაციას, სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, ზოია კალანდაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს და ამბობს, რომ ვასაძის მხრიდან, მსგავსი შემთხვევები ხშირია: "გამგებელმა მიითვისა შეჭირვებული ოჯახის პენსია, კაცი დიალეზის პროგრამაზეა და მოატყუა ოჯახი დაგეხმარებიო, გამოართვა ბარათი და მიითვისა პენსია. მან ასევე მოტყუებით სკოლის მოსწავლეებს სესხი გამოატანინა. ნამუშევარი წაართვა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც სოფელში იყვნენ დასაქმებული"-აცხადებს კალანდაძე.
დავით ვასაძე წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს: "ღმერთმა დამიფაროს, როგორ გეკადრებათ, ნათქვამია ენას ძვალი არა აქვსო, ამას მე როგორ ვიკადრებდი/"-აქეთ გვკითხა გამგებელმა. თუმცა, მომხდარი ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა მერაბ კალანდაძის ოჯახმა.
როცა ჩვენ კალანდაძეებში ვიმყოფებოდით, თავად ბატონი მერაბი ოზურგეთში დიალეზის პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების ჩასატარებლად იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, სახლში კი მისი სიდედრი დაგვხვდა:
"ჩემს გოგოს უთხრა, მერაბის ცოლს, მათხოვეთ თქვენ ბარათი თანხა უნდა დაგირიცხოთო, შემდეგ რომ მივედით პენსიის ასაღებად, ბანკში გვითხრეს თქვენ სამითვის პენსია წინასწარ გაქვთ აღებულიო, ცუდად გავხდით, გაახსენდა გოგოს რომ ბარათი გამგებელს ქონდა, დავუწყეთ ჩხუბი, რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა სახლში და გვეხვეწებოდა ფულს დაგიბრუნებთ არსად არ თქვათ, თორემ დამიჭერენო. ვიღაცა სხვისგან აიღო შემდეგ სესხი და დაგვიბრუნა" - იხსენებს მომხდარს მერაბ კალანდაძის სიდედრი.
გთავაზობთ დიალოგს, რომელიც ჩვენს ჟურნალისტსა და კალანდაძის სიდედრს შორის შედგა:
გურიის მოამბე: თქვენ რა იცით კონკრეტულად, რომ მოგვიყვეთ?
ციური მალაზონია: იყო პრობლემა პენსიის თაობაზე. თვითონ მივიდა და გამოიტანა პენსია, კარტა გამოართვა ჩემ გოგოს და გამოიტანა და ახლა გადაუხადა ყველა.
გ.მ და რამდენი ჰქონდა გამოტანილი?
ც.მ არ ვიცი, თვითონ სესხულობდა. მერე უბრუნებდა.
გ.მ : და გამგებელს რატომ მისცა კარტა თქვენმა გოგომ?
ც.მ : სასწრაფოდ გვჭირდება კარტაო და ამანაც მისცა.
გ.მ: და არ უთხრა რომ ფულს ხსნიდა?
ც.მ: არ უთქვამს და ამაზე შეიქმნა პრობლემები.
გ.მ: და რამდენი ხნის შემდეგ დააბრუნა გამგებელმა ეს ფული?
ც. მ: ახლა სრული უკვე გადახდილია. ამოსული იყო და უთხრა-არ გამცეთო და მაგიტომ არ მინდოდა მე მაგაზე ლაპარაკი...
გ.მ: რა თანხა წაიღო?
ც.მ: მგონი, სამი თვის.
გ.მ: ხომ არ იცით, რა პრობლემა ჰქონდა , რატომ წაიღო?
ც.მ: ეგ არ ვიცი. არ ვიცი მაგის ისტორიას.
გ.მ: თქვენი გოგო და სიძე სად არიან ახლა?
ც.მ: სიძე დიალიზზე დადის ოზურგეთში და გაყვა ჩემი გოგო.
გ.მ: როგორ გაიგეს პენსია რომ სხვამ გამოიტანა?
ც.მ: ბანკში უთხრეს, მოხსნილია ანგარიშიდან თანხაო. მერე უსესხა გამგებელმა სადღაციდან და მისცა. ჩემმა სიძემ უთხრა, არ ამალაპარაკო და არ მიმიყვანო ჩოხატაურის გამგებელთან ფული მოიტანეო. ადგა ისესხა და მისცა, არ გაახმაუროთო.
გ.მ: რამდენ ხანში დააბრუნა?
ც.მ: მეორე პენსიამდე, სამი დღე დააგვიანდა მგონი.
გ.მ: სხვა გაგიგიათ, ასეთი ისტორიები სოფელში?
ც.მ: არ ვიცი,ეს პირველი შემთხვევაა მგონი.
გ.მ: დაახლოებით 600 ლარზეა ხომ საუბარი?
ც.მ: დიახ
გ.მ: რამე მუქარა ხომ არ ყოფილა ან ,სიტყვიერი შელაპარაკება?
ც.მ: არა , ეგეც ბავშვმა თქვა, ეუბნებოდა-არ გამცეთო.
გ.მ: თქვენი შვილი რას ამბობ,თავი რითი იმართლაო?
ც.მ: ჩემი შვილი ჩავიდა ასაღებად და ალოდინა. მერე, მკაცრად დაელაპარაკა ჩემი გოგო, სიძემაც დაურეკა. მეორე დღეს დაიბარა და აიღო ფული. ასე აკეთებსო და არ ვიცი....
„გურიის მოამბემ“ ციური მალაზონიასთან საუბრის შემდეგ, გადაწყვიტა სოფელში კიდევ რამდენიმე ადამიანს გასაუბრებოდა. ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივისგან ინტერვიუს იწერდა, ადგილზე მოვიდა დავით ვასაძეც. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მათ შორის შემდგარი დიალოგი ჩაგვეწერა:
ზოია კალანდაძე: „მოიცა, მოიცა, დიალიზზე რომ დახმარება გამოიწერა და ვიღაცეებმა ჯიბეში ჩაიდო ის ვინ იყო?
დავით ვასაძე: არავის ჩაუდია ჯიბეში დახმარება, ხმები დადისო და ასეთს იტყვით თქვენ და მერე სხვაც გაიმეორებს იმას.
ზ.კ: ასეთი გამგებელი არ მინახავს, არ გამიგია. რატომ მოხვედი აქ, ჩვენ აზრის გამოთქმა გვინდა...
დ.ვ: მერე ვინ გიშლის? გამოთქვი.
ზ.კ რა გინდათ, აქ რატომ მოხვედით,,კუდი აგეწვათ?
დ.ვ: ჩვენ არაფრის არ გვეშინია. რაც ბრალდებებია, მაგას დადასტურება უნდა. სე საუბარი არ შეიძლება.
ზ.კ: ასე იმართლონ თავი პოლიტიკოსებმა, ჩემი კანონი ამას ვერ დაადასტურებს. გინდაც მიჩივლეთ და თქვენ იმართლეთ თავი. იცი რას ვიზამ ბატონო დავით? დავწერ განცხადებას, არ გავჩერდები. ამისთანა უნამუსო მთავრობა თქვენ რომ ხართ, არ გვყოლია ჯერ ხიდისთავში. მეტი რა გინდათ, გითხრათ,? გაიცინეთ, გაიცინეთ. ასეთი ირონიულები ხართ.
დ.ვ: ცრუ ბრალდებაზე გაგეცინება კაცს, აბა რა იქნება?!
ზ.კ: მე წაგიყენებ პირობას რომ დავები დადის და სადაც გინდა იმართლე თავი...
გურიის მოამბე: ბ-ნ დავით, იმის იდენტიფიცირება არ შეიძლება, ვის დაეხმარეთ და ვის მიეცით 400 ლარი?
დ.ვ: ეს სამედიცინო დახმარებაა.
ზ.კ: აბა შენ უნდა ჩაიდო ჯიბეში 400 ლარი კიბოიან ადამიანს გამოუყო მერიამ, რომელიც ეკუთვნის ეგ არ ფარავს თქვენ სიგლახეებს და თუ არ ნიშნავს ჩვენი ხმები არაფერს მე თქვენ დაგანახებთ. მეზობლები ჩაერივნენ საქმეში, მერიიდან დახმარება იყო გამოყოფილი მერაბიზე და არ მოვიდა თქვენამდე?
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ირწმუნება, რომ მან ამ თემაზე სამსახურეობრივი მოკვლევა უკვე ჩაატარა და ფაქტი არ დადასტურდა. როცა ჩვენ ვუთხარით, რომ ფაქტი ოჯახმა დაადასტურა, კუჭავამ გვიპასუხა რომ, მაშინ სამსახურეობრივ მოკვლევას კიდევ ერთხელ ჩაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






