ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს.
ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე ითხოვენ დადგინდნენ ის პირები, ვინც მათი ვიზიტი ჩაშალა და გერმანიაში ცრუ ინფორმაცია გააგზავნა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირია.
„ჩვენ ვითხოვთ და მივმართეთ წერილით შალვა თადუმაძეს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ვინ იყო ის თანამდებობის პირი, რომელმაც აღნიშნული ცრუ დასმენა გააგზავნა, როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშორის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურში, რასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია და რატომ გამომაცხადეს მე, დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი, ზაზა სარალიძესთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ხელშემწყობად.
ეს იყო სრულიად მშვიდობიანი ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების ინფორმირება, იმ გახმაურებულ საქმეებთან და გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, ეს იყო განაჩენი სოსო გოგაშვილისთვის, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. ორ ქვეყანაშია დაწყებული გამოძიება ჩვენი ვიზიტის ჩაშლის საქმეზე. ჩვენ უკვე მასალები მივაწოდეთ, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციას ასევე გავაგზავნეთ აშშ-ში. დღეს უკვე ქართულ სამართალდამცავ უწყებას მივმართეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ პირთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩაშალა სტრასბურგში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტი“, - განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






