ფედერიკა მოგერინი რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევის მხარდაჭერას.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, რუსეთის სამხედროების ყოფნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ვალდებულების უგულვებელყოფა, რომელიც თავად რუსეთმა აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით. ევროკავშირი კვლავ ჩართულია კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირის თანათავმჯდომარის მონაწილეობის გზით. ამავე დროს, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






