დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, საქართველოს პარლამენტის წევრები ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის თქმით, აგვისტოსა ომი სწორედ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის გამო მოხდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე, ალბათ, იყო საუბარი სწორედ ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე. როგორც ჩანს, რუსეთი მოითხოვს აშშ-სგან, რომ მათ უარი თქვან ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერისგან იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთმა ითანამშრომლოს აშშ-სთან ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ირანი და სირია და როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ ეს დაპირება ვერ მიიღო,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ ნატო-სკენ სწრაფვა არ უნდა შეანელოს.
„ჩვენი გზა არის ერთი, ძალიან მშვიდად, წყნარად გავაგრძელოთ ჩვენი სვლა ნატო-სკენ, რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი ასეთი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






