საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ "საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს მძიმე".
„ძალიან სერიოზული მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაა საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. უკვე დიდი ხანია ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს. რასაკვირველია, მედვედევისა და რუსების მიზანი ზოგადად სხვაა, ჩვენი ინტერესები სხვაა. არავის წინააღმდეგ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არ არის მიმართული. საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს მძიმე”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აღნიშნავს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება კატასტროფული შედეგებით დასრულდება:
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






