საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, სად არის თეთრი და სად არის შავი. თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია ღვთის შიში, ის გაარჩევს, სად არის ბოროტი და სად - კეთილი.ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების.
ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , - ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქის კურთხევით, მრევლს უფლება ეძლევა ყოველდღე ბიბლიიდან წაიკითხონ თითო თავი „სიბრძნე სოლომონიდან“ ან „ეკლესიასტედან“. წირვის დასრულებისას მეუფე დანიელმა მრევლს „ეკლესიასტეს“ პირველი თავი წაუკითხა.
მასალის გამოყენების პირობები