პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ტარდება. პროკურორის განცხადებით, დღეს არის პირველი სხდომა, რომელზეც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პირველი სიტყვით ბრალდების მხარე გამოვა და დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება და დაიკითხებიან დაზარალებული მხარის წარმომადგენლები.
"ჩვენი პოზიცია არის მტკიცებულებებით გამყარებული იმგვარად, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანონ", - აღნიშნა ნინო აღლემაშვლმა.
როგორც ცნობილია, ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 7 პირი დააკავეს. დღევანდელ სხდომაზე განიხილება მხოლოდ ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას საქმე.
"ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა, რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული.
ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ვახტანგ ჩხაპელია, კობა ყურუა და გელა უბილავა თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები






