მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ფიქრობს რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა. ასევე მისი თქმით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.
მიხეილ რამიშვილი კი "ნიუპოსტთან" საუბრისას პატრიარქთან გამართული პირველი შეხვედრის დეტალებს პირველად ასაჯაროებს და ამბობს, რომ ილია მეორე მათთან პირველი შეხვედრის დროს ბრალდებული დეკანოზის თავდებში ჩადგომაზეც ფიქრობდა.
"როდესაც პატრიარქს კოლეგებთან ერთად შევხვდი, გეტყვით პატრიარქის სიტყვებს რაც მითხრა: მამა გიორგი არა თუ მოიმოქმედებდა, არამედ არც კი გაიფიქრებდა ამდაგვარი რაღაცის გაკეთებას-ო. მეკითხებოდა, რა შემიძლია გავაკეთო დეკანოზი მამალაძისთვისო. მაშინ უწმინდესს ვუთხარი, პირად თავდებში ჩაუდექით თქვენო უწმინდესობავ, სანამ გამოძიება და სასამართლო პროცესები დასრულდება, ან მონასტერში იყოს ან თქვენს გვერდით. ის არსად გამქცევი არ არისთქო. პატრიარქმა თანხმობა განაცხადა, თუმცა მეორე დღეს, ალბათ იაკობის თამადობით, გარკვეული ჯგუფი შევიდა ილია მეორესთან. შიდა კულუარებიდან მაქვს ინფორმაცია, უთხრეს, რომ ახლა თქვენ მაგას რომ თავდებში ჩაუდგეთ, ხალხი მას ლინჩის წესით გაასამართლებს და მოკლავსო, რადგან ხალხმა იცის, რომ მამა გიორგის თქვენი მოკვლა უნდოდაო. ასე ატყუებდნენ თავიდანვე უწმინდესს და ასე ატყუებს ეს უსახელო იაკობა პატრიარქს.
რა უნდა ამით თქვას, რომ პატრიარქის სჯერა, რომ მაგის მოკვლა უნდოდა? ღმერთმა გვაშოროს და თუ პატრიარქის მოკვლა უნდოდა, მაშინ ბრალი შორენას მკვლელობისთვის რატომ წაუყენეს?! - ეს ახსნან. წყალ წაღებული ხავსს ეკიდებოდაო, რას მოეკიდოს და ჩამოეკიდოს იაკობი თვითონ აზრზე არ არის, რა სისულელეებს ლაპარაკობს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" მიხეილ რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






