„მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კონკრეტულად მარიხუანას მოხმარებას და მის ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური ანუ ადამიანებს ამ ქვეყანაში ვეღარ დასჯიან, ვეღარ სჯიდნენ სისხლის სამართლით და ვეღარ დასჯიან ვეღარც ადმინისტრაციულად,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






