ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის თემის სოფელ დიხაშხოში 20 კომლი ცხოვრობს.
როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, სწორედ მცირეკომლიანობა არის მიზეზი, რის გამოც სოფელი სამყაროდანაა მოწყვეტილი და მას ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.
გარდა მაცხოვრებელთა სიმცირისა, სოფლის გარესამყაროდან მოწყვეტის მთავარ მიზეზად ადგილობრივები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ არც ერთი მათი სოფლელი თანამდებობის პირი არ არის, მათი მტკიცებით კი, ჩოხატაურში მილხიდებს, ღამის განათებას, გზას და გაზს მხოლოდ იმ მიმართულებით აკეთებენ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ცხოვრობენ.
როგორც ისინი გვეუბნებიან, წლებია ითხოვენ ჩოხატაურის მერიიდან ელემენტარულ ყურადღებას, თუმცა უშედეგოდ.
ამის მიზეზად დიხაშხოს მაცხოვრებლები მათ ოპოზიციურ განწყობას ასახელებენ.
ზოია კალანდაძე, სოფელ ხიდისთავში მცხოვრები: "ხედავთ წამოსულია მთა, დააზიანა სტიქიამ ხიდი, გზაა ძირითადი პრობლემა, გაზიფიცირება. ვიყავით 2017 წელს პროგრამაში და ჩოხატაურის მერიიდან ამოგვიღეს. არის ღამის განათების პრობლემა, გზები არის ჩაშვავებული და გაუბედურებული, ყველა მხრიდან უვარგისია, ვერ შემოხვალ ჩვენს სოფელში. მივმართეთ ჩოხატაურის ხელისუფლებას, ვიყავით მერიაში, გვიპასუხეს- არა ხართ პრიორიტეტული უბანი, რომ იყოთ ცენტრალურ გზაზე მოგაქცევდით ყურადღებას, თქვენ ცხოვრობთ ჩიხში, ამიტომ არაფერი დაგეგმილი მაქ არ გვაქვსო. ჩიხს ეძახიან სოფელს, სადაც 20-ზე მეტი ოჯახი ვცხოვრობთ. გაზი არ იქნება არც 20018 ში და არც 2020-შიო. იციან, რომ აქ ცოტა ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ვცხოვრობთ და ამიტომ. პრინციპულად არ გვაქცევენ ყურადღებას. რომ ვუთხარი ჩვენგან ერთ ხმასაც ვერ წაიღებთ-მეთქი, არც მაინტერესებს მეტი არც ვაპირებ კენჭისყრასო-ეს იყო პასუხი მერისგან".
ნუცა ლომთათიძე: "ამ ხიდის გადამკიდე ვერც სასწრაფო მოდის, ვერც სახანძრო... ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს მარა, ორი უხნესი ქალი ვცხოვრობთ აქ და კაციშვილი ჩვენი პატრონი არაა. წყალი არ გვაქვს, სინათლე არ გვაქვს და გაზი. მეტი რა უნდა ვთქვა? მივმართეთ ხელისუფლებას მარა ასე გვითხრეს, არ ცხოვრობთ მაქ იმდენი კომლი რომ ყურადღება მოგაქციოთო. ასე წავიდნენ და დაგვტოვეს. ერთი ხეები გაჩეხეს და მორჩა. არ ვიცით რა უნდა ვქნათ. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, რომ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება"
იზოლდა კალანდაძე: "ახლა მე ვერ გავქანდები და გამოვქანდები, ახალგაზრდები თუ იზამენ რამეს, თუ არა, მე არაფერი საშველი არ მაქ. სიკვდილის პირზე ვარ. დიხაშხო არის მიტოვებული კუთხე, რომ არ აინტერესებს არავის, შენ გიჭირს, გილხინს...სულ არ ძიობს მაგენი არაფერს. ვართ გაჭირვებულ დღეში, სტუმარსაც ვერ ვღებულობთ, დატოვებენ სოფლის ცენტრში მანქანას და ამოდიან ფეხით."
ხათუნა ჭოღელაძე: "ჩვენს სოფელში შემოდიხართ თუ არა, გადმოსახვევის აქეთ ყველაფერი მთავრდება, თუკი რაიმე სიკეთეა. ვიდრე ჟურნალისტებს მივმართავდით დახმარებისთვის, მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ, დღეს-ხვალე-ს ძახილში აგერ უკვე 11 თვეა არანაირი პრობლემა არ მოგვარებულა. წინ გველოდება ზამთარი, შეშა გვინდა, პროდუქტი გვინდა, რისი მოგვარებაც შეუძლებელია, რადგან არც გზა გვაქვს და არც გაზი. ჩვენ თვითონ ვართ მაღალმთიანი აჭარიდან, წამოვედით მეწყერსაშისი ზონის გამო და აქ უარეს პირობებში ვცხოვრობთ. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი. ელემენტარულს ვითხოვთ ხალხო, არაფერს ზედმეტს არ ვითხოვთ, 21-ე საუკუნეში ამ პრობლემებზე შეიძლება საუბარი?"
ნორა აბულაძე: "რომ მოდიან არჩევნების დროს და ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთ გვპირდებიან, ელემენტარული გზა გვინდა და შუქი გვინდა. მე ავადმყოფი ადამიანი ვარ და ყველამ იცის, თითქმის ყოველდღე სასწრაფო დახმარება მჭირდება. ვერ მოდის ვერც ერთი მხრიდან. ვითხოვთ ნუ დაგვჩაგრავენ. მეც აჭარის მაღალმთიანი ზოლიდან ვარ წამოსული საცხოვრებლად, 1989 წლიდან აქ ვცხოვრობთ და ასეთი რამ სხვაგან არსად არ ხდება, აქ რომ ხდება."
ზოია კალანდაძე: "ორი კაცის არ უნდა იყოს ქვეყანა, ირაკლი კუჭავას და ვლადიმერ გოგიბერიძის. მერისა და მისი შესყიდვების სამსახურის უფროსის. სადაც თვითონ ცხოვრობენ, იქ ყველაფერი კეთდება, სადაც თანამდებობის პირი არ ცხოვრობს - იქ არაფერი. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა არ არის განათებული-სამაგიეროდ დეპუტატმა გაანათა მისი მისასვლელი. რატომ ყოვნდება იცით რაღაცის კეთება? მერი და ტენდერში მონაწილეები თანხებს ვერ ინაწილებენ."
თანასოფლელების კრიტიკასა და პრეტენზიებს კატეგორიულად არ იზიარებს მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში, დავით ვასაძე.
როგორც ის გვიხსნის, ღამის განათების პრობლემის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო, ხოლო რაც შეეხება ხიდსა და გაზს, ეს პრობლემები მოგვარების პროცესშია.
"რაც შეეხება გაზს, ეს ჩასმულია პროექტში და უახლოეს ხანებში დაიწყება გაზიფიცირება“-გვეუბნება ვასაძე.
-კონკრეტულად როდის ხომ ვერ გვეტყვით?
- უახლოეს ხანებში. ეს გადაწყვეტილია. 2020-ში მგონი. ხიდს რაც შეეხება, ტენდერი სრულდება 7 აგვისტოს, გაიხსნება და ვნახოთ, ღამის განათებაზე კი ჩემთვის არავის მოუმართავს
- თქვენ ნანახი გაქვთ თავისთავად ეს ადგილები ხომ?
- კი, ვიცი რაზეცაა საუბარი.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, არავის რომც არ მოემართა, ეს ადგილი საჭიროებს თუ არა ღამის განათებას?
-არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ეს პრეტენზიები ჩემთვის უცნობია"-გვითხრა ხიდისთავის გამგებელმა.
მასალის გამოყენების პირობები






