ფაქტი 24 ივლისს მოხდა. აშშ-ის წარმომადგენლებს შეკითხვები 4 ქართველ სამხედროსთან აქვთ.
პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ, კითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას ქართველი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, არ უპასუხა.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, არჩილ ომიაძემ კი, კურიერთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არა აქვს.
ფაქტს ადასტურებს პოლკოვნიკი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, კახა ტაბატაძე, რომლის განცხასდებითაც პირველადი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზეა საუბარი.
„პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების და მათ შორის, 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივად იმყოფებიან ბაზაზე, არავინ არ არის დაკავებული, ჩვეულებრივად აგრძელებენ სამსახურს. მე კონტაქტი არ მქონია უშუალოდ, პირადად, ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე,“ - განაცხადა ტაბატაძემ.
პოლკოვნიკის თქმით, თუ გამოიკვეთება ქართველი სამხედროების დანაშაული, მაშინ მათ საქართველოში დააბრუნებენ.
„როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუკი გამოკვეთავს ქართული სამხედრო პოლიცია ამერიკულ სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რაიმე ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ისინი იქნებიან დაბრუნებული საქართველოში. ფაქტი არის მტკივნეულად აღქმული მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის და მთლიანად, პირადი შემადგენლობის მიერ,“ - განაცხადა კახა ტაბატაძემ.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






