პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა რადიკალური მეთოდებით დაიწყო. ილია II-სთან საერო პირები მივიდნენ და გადადგომა სთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გაავრცელა, ინფორმაცია ამის შესახებ აქვს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონსაც. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე’ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოინახულა, ცოტა ხანში კი გიორგი მამალაძემ „კურიერს“ წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ პირებს, რომლებიც საპატრიარქოს ტახტიდან ილია მეორის ჩამოშორებით არიან დაინტერესებულნი, ციანიდის პროვოკაცია არ გამოუვიდათ.
"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას იმის თობაზე, რომ კათალიკოს-პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდებენ გარკვეული ადამიანები და ჯგუფები. გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა ციანიდის პროვოკაციით ვერ შეძლეს იმ შედეგის მიღება, რაც დაგეგმეს, ამიტომ სხვადასხვა ხერხით აგრძელებენ მცდელობებს, გავლენა მოახდინონ უწმინდესზე. ეს კონკრეტული მზაკვრობა მხოლოდ ერთი ნაწილია მათი მთავარი სტრატეგიული მიზნისა და მათი მიზანი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციაა. მერწმუნეთ, დღეს ისე, როგორც არასდროს, დედაეკლესიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება,“ - ნათქვამია მამა გიორგი მამალაძის წერილში.
ინფორმაციას რომ საერო პირებმა და კერძოდ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა სთხოვა, საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები უარყოფენ.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილის თქმით, პატრიარქის გადადგომით ვანო ჩხარტიშვილის გარდა დაინტერესებულნი არიან შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე.
მასალის გამოყენების პირობები






