ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბიძნა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება. გოცირიძის შეფასებით, ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, არის ის, რომ „თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე:
"ისტორიკოსები და განსაკუთრებით ბიძინოლოგები, რომლებიც ალბათ, შეისწავლიან მის ყველაზე დიდ ტყუილს, იტყვიან, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტყუილი ის კი არ იყო, რომ ყველას ექნებოდა უფასო ფული, ან დაბალპროტენციანი კრედიტები და ა.შ., არამედ ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და არ მოხდება არასდროს. მთელი ინტერვიუს განმავლობაში შეცდომების აღიარების ირგვლივ იგრძნობოდა ერთადერთი გზავნილი - თურმე 6 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა, სიღარიბემ მოიმატა და ყველაფერში დამნაშავე არია გიორგი კვირიკაშვილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძე ივანიშვილის მიერ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება:
"მისი განცხადება ბანკებთან დაკავშირებით არის ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამან შეიძლება მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ცეცხლს ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი. თუ მას უნდა "ქართუ" და "ლიბერთი ბანკები" გააერთიანოს და მოუგოს "თიბისი ბანკს", მაშინ გავიდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჰქონდეს ისეთივე ხარისხი, როგორიც მათ აქვთ. კეთილი ინებოს და შეწყვიტოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებით ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების მოშლა", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






