რუსუდან ცისკარიძე ევექსის პოლიკლინიკის ექიმია, რომელსაც ექიმად მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს. სამედიცინო პროფესიიდან გამომდინარე მისთვის უცხო არ არის სხვადასხვა ჩვენებით შემოსული პაციენტებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.
15 ივლისს სწორედ რუსუდან ცისკარიძეს მოუწია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მორიგეობა. სამორიგეო პუნქტში შევიდა შეტყობინება, რომ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ახალგაზრდა ქალი თავს შეუძლოდ გრძნობდა. „ევექსის" ექიმი დასახმარებლად პირველადი დახმარების ჩანთით გავიდა, იფიქრა, სტანდარტულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. როგორც წესი, აეროპორტში მგზავრები წნევას, თავის ტკივილს ან დაძაბულობით გამოწვეულ ნერვულ შეტევებს უჩივიან ხოლმე. ადგილზე მისულს ფეხმძიმე ახალგაზრდა ქალბატონი დახვდა, რომელიც მუცლის ძლიერ ტკივილს უჩიოდა, ესი იყო ვადამდელი მშობიარობა.
დაუყოვნებლივ განხორციელდა პაციენტის გადაყვანა სამედიცინო პუნქტში, სადაც ახალშობილი რომლის წონა 2 კილოგრამი და სიგრძე კი 56 სანტიმეტრი იყო 10 წუთში მოევლინა ქვეყანას.
მსგავსი შემთხვევა საქართველოს აეროპორტში პირველად დაფიქსირდა.
მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე დაბადებული დახვდა და მშობიარობის პროცესიც სრულად დასრულებული იყო.
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბათუმი-მოსკოვის რეისს გასაფრენ დარბაზში ელოდა და წუთი-წუთზე უნდა გაფრენილიყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
53 წლის ექიმი კმაყოფილია. „მთავარი ჩვენს საქმეში არის მობილიზება, სწრაფად მოქმედება და პაციენტის დახმარება... ადამიანის სიცოცხლე ბევრჯერ გადამირჩენია" - ამბობს რუსუდანი.
მასალის გამოყენების პირობები