აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცება - დღეს კონკრეტული თარიღი გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება რამდენიმე საათში ბიუროს სხდომაზე უნდა მიიღონ.
დღეს ასევე გაგრძელდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის შეხვედრა.
თორნიკე რიჟვაძე გუშინ ოპოზიციის შეკითხვებს ექვსი საათის განმავლობაში პასუხობდა. მიუხედავად ამისა, ოპონენტები აცხადებენ, რომ კითხვებზე მათ რიჟვაძისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.
„რაც ჩვენ ვნახეთ, არაფერი ახალი არ არის წარმოდგენილი, არ არის დოკუმენტურად, ან თუნდაც საუბარი იმ თემებზე, რაც შეიძლება რეგიონში გაკეთდეს და რაც ყველაზე ცუდია, საერთოდ არ არის საუბარი, რა გაკეთდება მოსახლეობისთვის.
ოპოზიციის როლი არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი სუსტი მთავრობის პირობებში მოხდეს რეგიონის ეფექტურად მართვა“ -აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" პეტრე ზამბახიძე.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კი მან და მინისტრობის კანდიდატებმა წარმოადგინეს ყველა ის პროგრამა, რომელიც განავითარებს რეგიონს:
„დაისვა დეპუტატების მხრიდან ის შეკითხვები, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. რაც შეეხება პრინციპულობის ნაწილს კარგად წარმოჩინდა პრინციპული დამოკიდებულებები და შეხედულებები. უკვე საქმიანობის განხორციელებისას ეს პრინციპულობა იქნება შენარჩუნებული“- აცხადებს რიჟვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






