საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის დღეს გაჟრერებულ შემოთავაზებას ეხმაურება. ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება უნდა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი დაანახებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას.
ზურაბ აბაშიძე მარია ზახაროვას მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც ეხმაურება:
„რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია/ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რის შესაძლებლობაც მას ჰქონდა, და დამნაშავეების მაგივრად, ფაქტობრივად, ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში. რუსეთი ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობაც,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






