საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას.
„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით.
ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
„მაშინ, როდესაც მყარად ერთგული ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






