აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანმშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ქმედებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაშია, საქართველო ადასტურებს ძალის გამოუყენებლობის პრინციპისადმი მხარდაჭერას და ანალოგიურს ელოდება რუსეთის ფედერაციისგან. ბაქრაძის განცხადებას „1tv“ ავრცელებს:
„გაერთიანებისა და ჩართულობის პოლიტიკა ჩვენს პრიორიტეტად რჩება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გავაძლიერეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ახალი შესაძლებლობების წარდგენით, რაც არის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-საქართველოს პარტნიორობას და საქარველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში აშშ-ის მიერ შეტანილ წვლილს. პოლიტიკურ დონეზე საქართველოს აშშ-ის მთავრობაში, კონგრესსა და ადმინისტრაციაში ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც გამუდმებით ადასტურებს თავის პოზიციას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
დროა, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გადაიქცეს პრაქტიკულ ნაბიჯებად ჩემს ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ყოვლისმომცველი მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად.
ამასთან დაკავშირებით, მსურს აღვნიშნო საერთაშორისო არენაზე და აშშ-ის რუსეთთან დიალოგის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხის დაყენების აუცილებლობა. აშშ-ის ძლიერი ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესის მისაღწევად. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






