ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება ,,რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
,,2013 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, ჯამური სარეკლამო ბაზარი შარშანდელთან შედარებით შემცირდა 16,5%-ით, ანუ 4,2 მლნ ლარით (25,9 მლნ ლარიდან 21,7 ლარამდე).
ამ შემცირების ფონზე, რუსთავი 2-ის შემოსავლებმა ამ პერიოდში მოიმატა 31%-ით, რაც აბსოლუტურ ციფრებში შეადგენს 2,9 მლნ ლარს (12,3 მლნ ლარი ნაცვლად 9,4 მლნ ლარისა). რაც ნიშნავს იმას, რომ შარშანდელთან შედარებით რუსთავი 2-ის მიერ ბაზრის ეფექტურად წვდომის პროცენტი გაიზარდა დაახლოვებით 55%-ით.
არც ერთი თეთრი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ არ ყოფილა მიღებული რაიმე სხვა წყაროდან, მათ შორის, მისი დამფუძნებლებისგან.
ამის პარალელურად, მთავარი კონკურენტის (თუმცა ზაფხულის სარეიტინგო მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მეორე ტელევიზიის ადგილი ტელეკომპანია მაესტროს ეჭირა), ტელეკომპანია იმედის შემოსავლები შემცირდა 29%-ით, ანუ 2,6 მლნ ლარით (8,7 მლნდან 6,1 მლნმდე). შესაბამისად, ტელეკომპანია იმედი გახდა ფინანსურად წამგებიანი ბიზნესი და მისმა ხარჯებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა მის შემოსავლებს. აღნიშნული მიზეზით, ტელეკომპანიაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელთა წარმომავლობა პოლიტიკური ხაისათისაა.
ამგვარად, მიუხედავად ეკონომიკური სიტუაციის მთავარი ინდიკატორების შემცირებისა და, შესაბამისად, სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვანი კლებისა; ასევე, სახელმწიფოს მხრიდან სარეკლამო კამპანიაში მიმართული ხარჯების პრაქტიკულად განულებისა; შარშანდელისგან განსხვავებით, არჩევნებთან დაკავშირებული შემოსავლების სავარაუდო მნიშვნელოვანი კლებისა; ტელეკომპანიის წინააღმდეგ მისი კონკურენტების და პოლიტიკურად მოტივირებულ პირთა მიერ აგრესიულად მართული ნეგატიური პიარ კამპანიისა, რომელშიც ხშირად ნებსით თუ უნებლიედ სამოქალაქო სექტორის ცალკეული წარმომადგენლებიც ჩაებნენ და რომლის მთავარი აქცენტიც საკუთრებითი კრიზისის შექმნას ეხებოდა - რუსთავი 2 არ ამართლებს სკეპტიკოსთა და ანგაჟირებულ პროგნოზისტთა წინასწარმეტყველებებს და ზრდის თავის შემოსავლებს და სატელევიზიო რეიტინგს, რაც უზრუნველყოფს მის კორპორატიულ მდგრადობას.
რუსთავი 2-ის მენეჯმენტი მომავალშიც ეცდება წარმატებულად წარმართოს არხის ფინანსური მდგომარეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი უმთავრესი რესურსის - კვალიფიციური ჟურალისტური კორპუსის და მაღალპროფესიული შემოქმედებითი ჯგუფის შემოქმედებითი დამოუკიდებლობა, რაც კვლავაც მოგვცემს შესაძლებლობას ქართველ ტელემაყურებელს შეუფერხებლად მივაწოდოთ მაღალხარისხიანი სატელევიზიო პროდუქცია და დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც როგორც მაყურებელი თუ რეკლამის განმთავსებელი/სპონსორი უზრუნველყოფს ქვეყანაში ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი და თვითკმარი მედიასაშუალების წარმატებას.
თქვენი მხარდაჭერით აღნიშნული ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება", - წერს ნიკა გვარამია ,,ფეისბუქის" გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






