შესაბამისი განკარგულება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსცა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
შემთხვევა ტყიბულში დღეს დილით მოხდა. მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი მეთანის დაგროვება გახდა, რომელმაც აფეთქება გამოიწვია.
კომპანია საქნახშირის უსაფრთხოების უფროსის თქმით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
შახტი წინა 5 აპრილის შემთხვევის გამო დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






